დონეცკის "შახტარიდან" მარიუპოლის "ილიჩივეცში" ჯერ განათხოვრებული, შემდეგ კი უკან უკრაინულ გრანდში დაბრუნებული დავით თარგამაძის შესახებ მარიუპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ლეონოვმა დანანებით ისაუბრა. "ილიჩივეცი" მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა. გუნდთან ერთადაა თორნიკე ოქრიაშვილიც. რაც შეეხება თარგამაძეს, გუნდის თავკაცს მისი დაბრუნება ძალიან სურს და ამას დაუფარავად აცხადებს, თუმცა ქართველს გრანდში დამკვიდრებას გულწრფელად უსურვებს.
- რას ვიზამთ, თარგამაძე ხომ დონეცკურ კლუბს ეკუთვნის. ვფიქრობ, ის "შახტარის" შეკრებაზე თავის წარმოჩენას შეძლებს და მირჩა ლუჩესკუ გუნდში დაიტოვებს.
- სანამ "შახტარში" წავიდოდა, დავით თარგამაძეს შემადგენლობაში უკვე მოაზრებდით?
- გუნდში მის ადგილს კი ვხედავდი, მაგრამ რად გინდა - შეკრებაზე "შახტარს" გაჰყვა. გეტყვით, რომ თარგამაძემ, ისევე როგორც მისმა თანამემამულე ოქრიაშვილმა, ვარჯიშებზე თავი კარგად წარმოაჩინეს.
- ეგებ ჯობდა კიდეც, რომ გუნდიდან სწორედ ახლა "წაგართვეს", და არა ორი-სამი თვის შემდეგ, როდესაც ათამაშდებოდა.
- ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. მე პირადად დავითს ვუსურვებ, დაიმკვიდროს ადგილი "შახტარში", მაგრამ ღმერთმა არ ქნას და, თუ ეს არ გამოუვიდა, მისი "ილიჩივეცში" კვლავ ხილვა ძალიან გამახარებს.
თარგამაძე კარგი ადამიანი და კვალიფიციური მოთამაშეა, რომელსაც ყოველთვის შეიძლება დაეყრდნო.
- მისი წასვლა "ილიჩივეცისთვის" დანაკლისია?
- ამის შესახებ მეორე შეკრების შემდეგ შემეძლო მეპასუხა.
მომზადებულია fanat.ua-ის მიხედვით


