ცნობილმა ესპანელმა სპეციალისტმა, რაფაელ ბენიტესმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის D ჯგუფში უკრაინის ნაკრების შანსები ეჭვქვეშ დააყენა. შეგახსენებთ, რომ ოლეგ ბლოხინის შეგირდების მეტოქეები ინგლისის, საფრანგეთის და შვედეთის ნაკრებები არიან."დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთი და ინგლისი ფავორიტები იქნებიან. შეხედეთ საფრანგეთს - იქ ბენზემა, რიბერი, მვილია და სხვა შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ. გუნდური სულისკვეთებაც განვითარებულია. ყოველ შემთხვევაში, მდგომარეობა ადრინდელთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესებულია. ეს დადებითი მომენტია.
ფრანგების მეტოქეები ინგლისელები იქნებიან. ამ ქვეყნის ნაკრები ვარსკვლავებითაა სავსე, ახლა კი იქ ახალგაზრდობაც გამოჩნდა. რა თქმა უნდა, უეინ რუნიმ ტურნირის დასაწყისი გამოტოვა, მაგრამ დენი უელბეკი, დარენ ბენტი და პიტერ კრაუჩიც ხომ არიან. საერთოდ, დიდი არჩევანია. ბევრი ძლიერი მოთამაშე ჰყავთ.
უკრაინის ნაკრები შინ თამაშობს და ეს ფაქტორი მას საფეხბურთო სამყაროს გაკვირვებაში დაეხმარება. აღსანიშნავია, უკრაინელთა თავკაცის, ოლეგ ბლოხინის მუშაობაც - მისი გუნდი შესანიშნავადაა ორგანიზებული. გუნდი კარგად იყენებს კონტრშეტევებს, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ მან ინგლისისთვის და საფრანგეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს", - თქვა ბენიტესმა.


